ჩართე და წადი: TOP 10 ჰიბრიდი სვლის ყველაზე დიდი მარაგით
ჯერ კიდევ ნაადრევია ელექტრო მანქანების ყიდვა, ხოლო შიდა წვის ძრავიანი მანქანების - ალბათ უკვე გვიანია. ჰიბრიდები ოქროს საშუალოა ეკონომიურობისა და პრაქტიკულობის თვალსაზრისით. Columbus-ის სპეციალისტებმა შეარჩიეს ამერიკულ ბაზარზე ათეული მისაერთებელი ჰიბრიდი, რომელთა მნიშვნელოვანი უპირატესობაა - სვლის შთამბეჭდავი მარაგი.
სრული დამუხტვის და სავსე ბენზინის ავზის პირობებში ეს მანქანები გაივლიან დამუხტვის და ბენზინის ჩასხმის გარეშე გაცილებით მეტს ვიდრე ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები. რეიტინგში წარმოდგენილმა ერთ-ერთმა მოდელმა გაიარა 1094 კმ, ხოლო მისი მისი სიჩქარე გზაზე შეადგენდა დაახლოებით 120 კმ/სთ!
1. 759 კმ – Ford Escape Hybrid
-
ძალური დანადგარი : 2,5 ლ + 2 ელექტროძრავა, 210 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
სვლის მანძილი : 708 + 51 კმ
-
საწვავის მოხმარება : 5.5 - 6.2 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $41,995
ვინაიდან აშშ-ში ყველაზე პოპულარულებია ყველგანმავლები და კროსოვერები, ამ რეიტინგში წარმოდგენილი მოდელების უმეტესობა სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნება. და კომპაქტური ყველგანმავალი Ford Escape არ არის მისი ყველაზე ცუდი წარმომადგენელი.
ის ხელმისაწვდომია ერთდრულად ორ ვერსიაში - როგორც ჩვეულებრივი ჰიბრიდი (FHEV) და როგორც მისაერთებელი ჰიბრიდი (PHEV). მეორეს განცხადებული სვლის მარაგი შეადგენს 708 კმ ბენზინის საწვავზე. შედეგი შეიძლება კიდევ უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ის შეზღუდულია ავტომობილის შედარებით მცირე საწვავის ავზით (54 ლიტრი). ელექტროწევაზე (10,7 კვტ*სთ ტევადობის აკუმულატორიდან) მანქანას შეუძლია დაფაროს კიდევ 40-დან 51 კმ-მდე.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მყიდველისთვის ამ მრავალი პარამეტრით წარმატებული მოდელის შეძენაზე უარის თქმის მიზეზი არის სრული ამძრავის არარსებობა, რომელიც გვხვდება შიდა წვის ძრავით აღჭურვილ ჩვეულებრივ Escape-ში.
2. 791 კმ – Toyota RAV4 Prime
-
ძალური დანადგარი : 2,5 ლ + 2 ელექტროძრავა, 302 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 740 + 51 კმ
-
საწვავის მოხმარება : 6.2 - 7.4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $45,040 – $48,910
ჰიბრიდული Toyota RAV4 Prime - ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული მოდელია RAV4-ის ფართო ხაზში: ავტომობილის გაქანება ნულიდან ასამდე სულ რაღაც 5,4 წამია! ამავდროულად, მანქანა საკმაოდ ეკონომიურია: "პასპორტით" მისი სვლის მანძილი შეადგენს 740 კმ ბენზინის საწვავზე. აკუმულატორზე სვლის მარაგი (ტევადობა 18,1 კვტ*სთ) - კიდევ 51 კმ. ჯამში გვაქვს 791 კმ, რაც ძალიან კარგი შედეგია.
RAV4 Prime აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც დაწყვილებულია უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან და ორ ელექტრო ძრავთან. ვინაიდან ერთ-ერთ ძრავას მოძრაობაში მოჰყავს უკანა ღერძი, სრული ამძრავი შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში RAV4 Hybrid Prime-ის ყველა აწყობაში (მართალია, ის მხოლოდ ორია - SE და XSE).
2023 წელს Toyota-მ განაახლა RAV4 Prime-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემა, სადაც გაჩნდა ისეთი მოთხოვნადი ფუნქცია, როგორიცაა Android Auto და Apple CarPlay მხარდაჭერა.
RAV4 Prime აღჭურვილია უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე სისტემების ფართო კომპლექტით, რაც გარკვეულწილად ამართლებს ავტომობილის საკმაოდ სოლიდურ საწყის ფასს.
3. 825 კმ – Toyota Prius Prime
-
ძალური დანადგარი : 2.0 ლ + 1 ან 2 ელექტროძრავა, 220 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა/სრული
-
სვლის მანძილი : 772+53 კმ
-
საწვავის მოხმარება : 5.1 - 5.6 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $34,070 – $39,670
Prius ახლა არა მხოლოდ უტილიტარულია, არამედ ნამდვილად მაგარია - 2023 წლის რედიზაინი ჰეჩბეკს ახალი და ელეგანტური იერი აჩუქა. გარდა ამისა, მანქანის უფრო მძლავრი ტრანსმისია გაუჩნდა.
Prius Prime-ის კაპოტის ქვეშ არის ახალი 220 ცხ.ძ. სიმძლავრის ძალური დანადგარი (რაც 99 ცხ.ძ. მეტია წინა თაობის მანქანასთან შედარებით). Prius დინამიკა ახლა სპორტული მანქანის მსგავსია: გაქანება 6,6 წამი ასამდე! ამავდროულად, საწვავის მოხმარება გზატკეცილზე მოძრაობისას მხოლოდ 5,1 ლ/100 კმ შეადგენს. ჩაშენებულ 13,6 კვტ*სთ ტევადობის ბატარეასთან ერთად, ეს უზრუნველყოფს შთამბეჭდავ (რეალურ) 825 კმ სვლის მარაგს. აქედან ბენზინზე ჰიბრიდს 772 კმ-ის გავლა შეუძლია, ელექტროწევაზე კი - 53 კმ-მდე.
საინტერესოა, რომ უმაღლეს კომპლექტაციაში (სულ სამია - SE, XSE და XSE Premium), Prius Prime აკუმულატორის დატენვა შესაძლებელია სახურავში ჩაშენებული მზის პანელებიდან. მართალია, არა სვლის დროს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილი გაჩერებულია.
სამივე კომპლექტაციაში ავტომობილი არის წინა ამძრავიანი, თუმცა ვარიანტის სახით ხელმისაწვდომია სრული ამძრავიც; ამ შემთხვევაში, მეორე ელექტროძრავა მონტაჟდება უკანა ღერძზე.
4. 857 კმ – Lexus NX450h+
-
ძალური დანადგარი : 2,5 ლ + 3 ელექტროძრავა, 304 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 804+53 კმ
-
საწვავის მოხმარება : 6.2 - 7.1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $59,905 – $61,155
2022 წელს გამოჩენილი NX 450h+ არის RAV4 Prime-ის “ჯიშიანი“ ძმა. მანქანის ჰიბრიდული ძალური დანადგარი თითქმის ისეთივეა, როგორც მისი ნათესავის შემთხვევაში - 304 ცხ.ძ. (Toyota-ს 302 ცხ.ძ. შედარებით). თუმცა, Lexus-ს აქვს ოდნავ უკეთესი შედეგი საწვავის ეკონომიაში, ვიდრე Prime-ს შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სვლის საერთო მარაგიც მას ასევე უკეთესი აქვს. ბენზინზე NX 450h+-ს შეუძლია 804 კილომეტრის გავლა. პლუს 53 კმ-მდე – ელექტრო წევით.
Lexus-ში ყველაფერში კომფორტზეა მიმართული, ასე რომ მძღოლი და წინა მგზავრი კმაყოფილი იქნებიან ამ ავტომობილის კომფორტული სავარძლებით, რომლებიც იდეალურია გრძელი მოგზაურობისთვის.
სხვათა შორის, ასევე არსებობს ჰიბრიდული NX 450h+-ის უფრო პრემიალური ვერსიაც - F Sport Handling. მას აქვს ადაპტაციური საკიდარი, ჩამჩის ფორმის წინა სავარძლები და ექსტერიერისა და ინტერიერის "გასპორტულებული" სტილი.
5. 862 კმ – Mazda CX-90 PHEV
-
ძალური დანადგარი : 2,5 ლ + ელექტროძრავა, 323 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 820 + 42 კმ
-
საწვავის მოხმარება : 8.7 - 9.8 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $51,320
Mazda CX-90, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა აშშ-ს ბაზარზე გათვლით არის სამრიგიანი პრემიუმ-კლასის ყველგანმავალი 7-8 ადგილით, რომელმაც გასულ წელს შეცვალა ფლაგმანი CX-9. 3.3-ლიტრიანი ბენზინის ვერსიასთან ერთად ახალი მოდელი ასევე ხელმისაწვდომია მისაერთებელი ჰიბრიდული სახით.
ამ უკანასკნელს საფუძვლად დაედო ზუსტად ისეთივე ძალური დანადგარი, როგორიც დამონტაჟებულია ევროპულ CX-60-ზე - 2.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავა პლუს ერთი ელექტროძრავა. დაწყვილებული 8-საფეხურიან ავტომატური გადაცემათა კოლოფთან და 17,8 კვტ*სთ ტევადობის აკუმულატორთან, ის უზრუნველყოფს CX-90 PHEV-ს კარგ სვლის მარაგს (მათ შორის ელექტროწევაზეც). საწვავის მოხმარება ოდნავ მაღალია PHEV-ისთვის (10 ლიტრამდე საწვავი ქალაქის რეჟიმში), მაგრამ CX-90-ის ზომისა და წონის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მისაღები იყოს.
ყველა CX-90 აღჭურვილია აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემების მდიდარი კომპლექტით, სახელწოდებით i-Activsense. ჩვენს მძღოლებს რა თქმა უნდა მოეწონებათ ის ფაქტი, რომ 220-ვოლტიანი დენცქვიტიდან ავტომობილი 20-დან 80%-მდე შეიძლება დაიმუხტოს სულ რაღაც 1,5 საათში (აქ და შემდგომში იგულისხმება ავტომობილში ჩაშენებული დამტენი მოწყობილობის გამოყენება, კვტ/სთ სხვადასხვა მნიშვნელობებით).
6. 883 კმ – Volvo XC90 Recharge
-
ძალური დანადგარი : 2.0 ლ + ელექტროძრავა, 455 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 837 + 58 კმ
-
საწვავის მოხმარება : 8.1 - 8.4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $73,195 – $80,895
მოდური 7-ადგილიანი საშუალო ზომის ყველგანმავალი XC90 თითქმის 10 წელია წარმოდგენილია ბაზარზე, მაგრამ ამ წლების განმავლობაში იმდენი განახლება მიიღო, რომ კვლავ აქტუალური და პოპულარულია.
მორიგი განახლება გახდა მისაერთებელი ჰიბრიდული ტრანსმისიის შარშანდელი მოდერნიზაცია. ახლა ავტომობილში გამოიყენება უფრო მძლავრი ელექტროძრავა და 14,9 კვტ*სთ ტევადობის გაძლიერებულ აკუმულატორის ბატარეა. 2-ლიტრიან ტურბო ძრავთან და სწრაფ 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად, ეს ანიჭებს გაბარიტულ XC90-ს შესაშურ დინამიკას (4,5 წამი ნულიდან ასამდე!) და სვლის კარგ მარაგს, თუმცა არც ისე შთამბეჭდავს, როგორც ოდნავ პატარა ზომის Volvo-ს შემთხვევაში.
XC90-ს შეუძლია 58 კმ-მდე გავლა აკუმულატორზე, ხოლო ბენზინზე მოძრაობა საშუალებას აძლევს ავტომობილს დაფაროს კიდევ 837 კმ. აღსანიშნავია, რომ Caranddriver.com-ის ტესტში, საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით, XC90 Recharge-მა 58-ის ნაცვლად 78 კმ გაიარა.
ჰიბრიდი წარმოდგენილია სამ განსხვავებულ კომპლექტაციაში, ისევე როგორც მისი ბენზინის სეხნია - Core, Plus და Ultimate. მაგრამ თითოეული აწყობის სახელწოდებას ემატება სიტყვა Recharge. სხვაობა ბოლო კომპლექტაციებს შორის არის $7500-ზე მეტია, თუმცა არაფერია განსაკუთრებით რევოლუციური Ultimate-ში არ არის: პნევმატური საკიდარი, 21 ინჩამდე გაზრდილი დისკები, ვენტილირებადი წინა სავარძლები, პრემიუმ-კლასის აუდიო სისტემა Harman Kardon და ძვირადღირებული მანქანისათვის დამახასიათებელი სხვა სიკეთეები.
აკუმულატორის დატენვას ნებისმიერი XC90 Recharge-ის შემთხვევაში სჭირდება არანაკლებ ხუთი საათი სა(220 ვოლტიანი დენცქვიტიდან).
7. 909 კმ – Chrysler Pacifica Hybrid
-
ძალური დანადგარი : 23.6 ლ + 2 ელექტროძრავა, 260 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : CVT
-
ამძრავი : წინა
-
სვლის მანძილი : 869 + 40 კმ
-
საწვავის მოხმარება : 7.8 - 8.1 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $55,020 – $63,750
Pacifica-ს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არისერთადერთი მინივენია, რომლის ყიდვა შესაძლებელია მისაერთებელი ჰიბრიდის სახით, ყოველ შემთხვევაში, სანამ მისი პირდაპირი კონკურენტი - VW ID.Buzz არ დაიმკვიდრებს თავს ბაზარზე.
Chrysler Pacifica Hybrid-ის ძალური დანადგარი აერთიანებს საკმაოდ დიდ 3.6-ლიტრიან V6 ბენზინის ძრავას ორი ელექტროძრავით. ძალური ტრიოს საწვავის მოხმარება გზატკეცილზე მოძრაობისას რჩება საკმაოდ შთამბეჭდავი - დაახლოებით 7,8 ლ/100 კმ.
Ჰიბრიდს აქვს მოცულობითი 62-ლიტრიანი საწვავის ავზი (ბენზინის ვერსიებს საერთოდ 72-ლიტრიანი ავზი აქვთ), რაც უზრუნველყოფს ბენზინზე სვლის მნიშვნელოვან - 837 კმ მარაგს. კიდევ 40 კილომეტრის გავლა შესაძლებელია ელექტროწევით 16 კვტ/სთ ტევადობის აკუმულატორის გამოყენებით. გზატკეცილზე ჩატარებული ტესტის დროს Pacifica Hybrid-მა გაიარა ოდნავ ნაკლები - 37 კმ, სანამ მუშაობაში ჩაირთო ბენზინის ძრავა.
ავტომობილის პლიუსებს შორის: ბევრი მინივენისთვის სტანდარტული გასაწევი კარები, რომლებიც მომენტალურ წვდომას აძლევენ სავარძლების მეორე და მესამე რიგზე და სწრაფი ორსაათიანი დატენვა 220-ვოლტიანი დენცქვიტიდან.
მნიშვნელოვანი მინუსებიდან - სრული ამძრავის არარსებობა როგორც Hybrid Select-ის, ასევე Hybrid Pinnacle-ის კომპლექტაციებში.
8. 940 კმ – Volvo V60 Recharge Polestar Engineered
-
ძალური დანადგარი : 2.0 ლ + ელექტროძრავა, 455 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 869 + 71 კმ
-
საწვავის მოხმარება : 6.9 - 7.6 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $72,445
მძლავტი ჰიბრიდული ტრანსმისიის მქონე სპორტული უნივერსალის სახით, V60 უნიკალური მოვლენაა ამერიკის ბაზარზეც კი. ეს არ არის იაფი და გამოიშვება მცირე რაოდენობით, მაგრამ სთავაზობს ეკონომიურობის, სიმძლავრის და სტილის მაცდური კომბინაციას.
აშშ-ში 2020 წელს მისი გამოჩენის შემდეგ, V60 მხოლოდ ერთი Recharge T8 Polestar Engineered კომპლექტაციით იყიდება. მანქანა აღჭურვილია 2-ლიტრიანი ტურბო ძრავით და ელექტროძრავით, ჯამური სიმძლავრით 455 ცხ.ძ. ეს საკმარისია ნულიდან ასამდე სულ რაღაც 4,1 წამში აჩქარებისთვის. შემდეგ დინამიკა მოსალოდნელად ეცემა - გაქანებას 100-დან 160 კმ/სთ-მდე 6 წამი დასჭირდება.
სტანდარტულ კომპლექტაციაში V60 აღჭურვილია სრული ამძრავით და რეგულირებადი პნევმატური საკისრით, ასე რომ მფლობელს ყოველთვის შეუძლია მოარგოს ავტომობილის ქცევა გზაზე საკუთარი შეხედულებისამებრ.
უნივერსალის სალონი ფართოა, სავარძლები - კომფორტული, დიზაინი კი - მაღალი დონის. პრემიუმალური მოსაპირკეთებელი მასალები - ლითონი, ნატურალური ხე და რბილი ტყავი - ქმნიან განსაკუთრებულ ელიტურ ატმოსფეროს.
9. 951 კმ – Volvo XC60 Recharge
-
ძალური დანადგარი : 2.0 ლ + ელექტროძრავა, 455 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 901 + 50 კმ
-
საწვავის მოხმარება : 7.6 - 7.8 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $59,195 – $76,545
გარბენის მანძილით კომპაქტური მდიდრული ყველგანმავალი XC60 სერიოზულად აგებს Volvo-ს სხვა ჰიბრიდულ მოდელებთან შედარებით, თუმცა მას იგივე, 455 ცხ. ძ. სიმძლავრის ტრანსმისია აქვს და გაქანება ნულიდან ასამდე 4.2 წამში.
თუმცა, ბენზინზე მანქანა გადის შთამბეჭდავ 901 კმ. 14,9 კვტ*სთ ტევადობის აკუმულატორის ელექტროწევაზე - კიდევ 50 კმ. ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - საწვავის ავზის მნიშვნელოვანი მოცულობა: 71 ლიტრი.
გარდა ამისა, XC60-ში არსებობს ბატარეის ყველგანმავლის ბენზინის ძრავის მიერ გენერირებული ელექტროენერგიით დატენვის შესაძლებლობა, შიგაწვის ძრავიანი ჩვეულებრივი ავტომობილების აკუმულატორების მსგავსად.
აშშ-ში წარმოდგენილია ჰიბრიდული ყველგანმავალის 4 კომპლექტაცია - Recharge Core, Recharge Plus, Recharge Ultimate, Recharge Polestar Engineered. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან კომფორტისა და მოპირკეთების დონით, ასევე ორ “ზედა“ კომპლექტაციაში პნევმატური საკისარის არსებობით.
XC60-ის მთავარი მინუსი იგივეა, რაც მისი ნათესავების შემთხვევაში - ბატარეის 5 საათი დატენვა 220-ვოლტიანი ქსელიდან.
10. 1107 კმ – Mercedes-Benz S580e
-
ძალური დანადგარი : 3.0 ლ + ელექტროძრავა, 510 ცხ.ძ.
-
გადაცემათა კოლოფი : ავტომატური გადაცემათა კოლოფი
-
ამძრავი : სრული
-
სვლის მანძილი : 1014 + 93 კმ
-
საწვავის მოხმარება : 6.5 - 7.4 ლ/100 კმ (გზატკეცილი - ქალაქი)
-
ახალი ავტომობილის ფასი : $128,900
ჩვენი "ჰიბრიდული" რბოლის ლიდერი აღმოჩნდა Mercedes-Benz-ის ჰიბრიდული ფლაგმანი - მეშვიდე თაობის S კლასის სედანი S580e, რომელიც გაყიდვაში 2023 წელს გამოჩნდა. იგი მრავალი თვალსაზრისით ერთი თავით მაღლა დგას სხვა PHEV-თან შედარებით, რადგან უზრუნველყოფს არა მხოლოდ სვლის წარმოუდგენელ მარაგს (1014 კმ ბენზინზე და 93 კმ-მდე ელექტროწევაზე - მადლობა ზეტევად 22,7 კვტ*სთ ბატარეას!), არამედ გამოირჩევა ეკონომიურობით. საწვავის მოხმარება გზატკეცილზე შეადგენს მხოლოდ 6,5 ლ/100 კმ/სთ, მაშინაც კი, თუ აჩქარებთ მანქანას ნულიდან ასამდე 4,2 წამში.
ამ ძვირადღირებული ჰიბრიდის კაპოტის ქვეშ (ის მის უახლოეს კონკურენტებთან შედარებით ორჯერ მეტი ღირს) არის 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავა, რომელიც
ელექტროძრავასთან ერთად გამოსცემს 510 ცხ.ძ. ავტომობილის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 9,6 კვტ დამტენი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე საათში დატენოთ ბატარეა სახლის პირობებში. თუ S580e-ის მფლობელს სურს მანქანის უფრო სწრაფად დამუხტვა, უნდა დამატებით გადაიხადოს მუდმივი დენის დამტენისათვის (60 კვტ), რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას სულ რაღაც 20 წუთში დატენოთ მანქანა 80%-მდე.
წყაროები: Caranddriver.com , Cars.usnews.com
შეთავაზებები
დახმარება სამსახურში